რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას და დოკუმენტს “ლიბერალი” აქვეყნებს.
“ბრძანებულება, რომელიც „ლიბერალმა“ მოიძია, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიმღებ პირთა სიას განსაზღვრავს, ჩამონათვალში კი გიორგი გახარიას სახელი და გვარი გვხვდება, სადაც იგივე მამის სახელი და დაბადების წელია მითითებული, რაც გიორგი გახარიას მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში გვხვდება [189. Гахария Георгий Зауриевич, родившийся в 1975 году в Грузии, проживающий в Ивановской области].
ბრძანებულება 2000 წლის 5 აგვისტოთი თარიღდება და რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული”- აცხადებენ “ლიბერალში”.
გამოცემაში ასევე განმარტავენ, რომ შსს-ში არ პასუხობენ კითხვას, არის თუ არა გახარია ამჟამად კვლავ რუსეთის მოქალაქე, აქვს თუ არა მას ორმაგი მოქალაქეობა.
გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების მიხედვით კი მინისტრი ამბობს, რომ ის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა და ეს მისი გააზრებული გადაწყვეტილებაა.