ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არეშიძე: „სააკაშვილზე ამბობენ, რუსეთის აგენტია, თუმცა მე გეტყვით, რომ უარესია…“

კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს უნარი ნებისმიერი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. ანალიტიკოსის თქმით, სააკაშვილს თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გვამებზე სიარული შეუძლია და თუ სიტუაციას სჭირდება ის ნებისმიერს შეეკვრება.

ამის ნათელი მაგალითად კი არეშიძეს, ბიზნესმენ პოლომეინსკისთან ურთიერთობა და თანამშრომლობა მოჰყავს. მისი აზრით, თუ ის რეალობაა რომ ის კუჩერენკოსთან თანამშრომლობს, რომელიც პუტინთან დაახლოვებული ბიზნესმენია, ეს გასაკვირი არ იქნება.

არეშიძე ფიქრობს, რომ კიევში ნებისმიერი დესტაბილიზაცია და ხელისუფლების რყევა, მოსკოვის ინტერესებში შედის და ამ საქმეს სააკაშვილი გააკეთებს თუ სხვა, კრემლისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მათთვის მთავარია, რომ პროცესი ისე წავიდეს, როგორც ეს მათ აწყობთ. ანალიტიკოსის აზრით, სააკაშვილს მომხრეების მობილიზება გაუჭირდება, თუმცა ის ბოლომდე იბრძოლებს, რადგანაც ის ასეთია და მიზნის მიღწევაში ხელს ვერავინ შეუშლის.

რაც შეეხბა პოროშენკოს, კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ მან საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა და მანევრირების საშუალება აღარ აქვს. არეშიძის აზრით, უკრაინის პრეზიდენტს ერთი გამოსავალი დარჩა, რომ მან სააკაშვილი ქვეყნიდან, რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში გააძევოს.

„სააკაშვილზე ამბობენ, რუსეთის აგენტია, თუმცა მე გეტყვით, რომ უარესია…ის ყველა სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს, ამიტომ არც ის გამიკვირდება, თუ მიზნის მისაღწევად რუსეთთანაც ითანამშრომლებს. პოროშენკოს მხრიდან არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში ნორმალური გადადგმული ნაბიჯი არ მინახავს. ის ყველა მიმართულებით გამოუსწორებელ შეცდომას უშვებს.

სწორედ ამას მოჰყვა თეთრი სახლის და ბრიუსელის მხრიდან უარყოფითი შეფასებები. თუმცა დასავლეთს მწვავე რეაქციები პოროშენკოს მიმართ არა სააკაშვილის გამო აქვს, არამედ იმის გამო, რომ მთელი მისი ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული. რომ არა ამერიკის პირდაპირი მუქარა და ზეწოლა, პოროშენკო ანტიკორუფციული სამსახურის შექმნასაც კი არ აპირებდა. ამ კონტექსტში სააკაშვილი გარკვეულ როლს ასრულებს და ამერიკის ზოგიერთ დეპუტატს ეს ნამდვილად მოსწონს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახლა რა სიტუაციაც არის რუსეთსაც აწყობს. მართალია მიზნები სრულიად სხვადასხვაა, მაგრამ ახლა სააკაშვილი ორივე ქვეყნის სასარგებლო საქმეს აკეთებს“,-ამბობს „მეტრონომთან“ არეშიძე.

უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანის ლარისა სარგანმის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ეძებენ, რომლებშიც შედის: დანაშაულის მცდელობა; პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით; დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.

„სააკაშვილი ძებნაშია და ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მეორე ნაწილით და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით“, – განაცხადა გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა.
მიხეილ სააკაშვილს ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ეძებს.

შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.

სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....