საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი2”-თან განაცხადა, რომ სახურავიდან გადმოხტომას არ აპირებდა. მისი თქმით, მან უბრალოდ სამართალდამცველებს განუმარტა, რომ თუ მას წინააღმდეგობას გაუწევდნენ, სახურავიდან დაგორდებოდნენ. მისი განმარტებით, სახურავზე ასვლის მიზეზი ის იყო, რომ მხარდამჭერთა მობილიზება მოეხდინა.
“ვიცოდი, რაც მოხდებოდა. მობილიზებული მყავდა პრესსამსახური, დაცვის 15 თანამშრომელი, კარები დამაგრებული გვქონდა, მაგრამ ჩვენ გვჭირდებოდა დამატებითი დრო, რომ მოგვეხდინა ხალხის მობილიზება. ამიტომ გადავედი სახლის სახურავზე, სამართალდამცავებს ვუთხარი, რომ თუ მომეკარებოდნენ, ყველანი ერთად დავგორდებოდით სახურავიდან, რადგან სახურავი დამრეცი იყო, თან წვიმდა და სრიალებდა. ამასობაში ვაგროვებდით ხალხს, რადგან ჩაგვიხშეს ტელეფონები და მაიდანზე შევძახე ხალხს, საიდანაც უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.
სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.