კიევში მიმდინარე მოვლენებზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა twitter-ზე განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, სააკაშვილი ვალდებულია პასუხი გასცეს წაყენებულ ბრალდებებს და არ მოახდინოს შეტაკებების და სისხლისღვრის პროვოცირება.
„ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ კანონიერი გზით, ვიდრე არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. ის, რაც ახლა ხდება ვერ მოგვარდება. სააკაშვილი ვალდებულია კანონის მოთხოვნებს დაემორჩილოს, გაიაროს კანონიერი პროცედურა, პასუხი გასცეს წაყენებულ ბრალდებებს და არ მოახდინოს შეტაკებების და სისხლის ღვრის პროვოცირება,“ – წერს არსენ ავაკოვი.
დღეს, იმ ბინაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა, სპეცრაზმი შევიდა. რა დროსაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი შენობის სახურავზე ავიდა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება მოახერხეს და მიკროავტობუსში ჩასვეს. სააკაშვილის მხარდამჭერებმა ავტომანქანას ალყა შემოარტყეს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს. რამდენიმე წუთში კი მხარდამჭერებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიკროავტობუსიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ისინი უკრაინის პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. ამ წუთებში რადას შენობასთან აქცია მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით.