საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სახლთან იმყოფებიან პარტიის წევრები, მომხრეები და უფლებადამცველები.
ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი. უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციას გეგმავს.
ადვოკატი ორ ვერსიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შესაძლოა უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის უკრაინიდან უკანონო გაძევებას ან მის დაკავებას გეგმავდეს. ადვოკატი ამბობს, რომ ორივე ქმედება ნებისმიერ შემთხვევაში უკანონო იქნება.
“იმის გამო რომ ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს საემიგრაციო სამსახურის ქმედება, მიხეილ სააკაშვილისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ, კანონმდებლობის თანახმად დეპორტაცია და ექსტრადიცია დაუშვებელია,”- აცხადებს რუსლან ჩერნოლუცკი. ვრცელდება ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაცია. უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი უკვე დაკავებულია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სპეცრაზმა, მიხიელ სააკაშვილის ბინის კარი შეამტვრიეს – ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ავრცელებს.
ტელეკომპანია „NEWS ONE“-თან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის ბინის კარი სავარაუდოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შეამტვრიეს.
ამ წუთებში სააკაშვილის სახლთან მისი მხარდამჭერები და აქტივისტები, თანაგუნდელები და ადვოკატები არიან შეკრებილი. ამასთან, სახლთან მივიდა სახანძრო და სასწრაფო. უკრაინული მედიის ცნობით სააკაშვილი სახლის სახურავზე იმყოფება.
უკრაინის უშიშროების სამსახურში დაადასტურეს მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკის ფაქტი – ამის შესახებ იფორმაციას უკრაინული ტელეარხი TV24 ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დილიდან საქართველოს ექსპრეზიდენტის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის თანაგუნდელები, ადვოკატები და მხარდამჭერები.