ფსიქოლოგი გიორგი დონაძე „მეტრონომთან“ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე და არასრულწლოვანებს შორის არსებულ ძალადობაზე საუბრობს. მისი თქმით, მომხდარმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, რომ თავად საზოგადოებაში არსებული მახინჯი მენტალობა არსებობს, რომელიც ბავშვებში აგრესიას და ძალადობას იწვევს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვი საზოგადოების სარკეა და მის რეალურ სახეს ირეკლავს.
დონაძის თქმით, თუ ბავში გარიყულია, არის ძალადობის და სტერეოტიპების მსხვერპლი, მაშინ ისიც იქცევა ისე, როგორც ასწავლიან. ფსიქოლოგი ამბობს, რომ დღევანდელი ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ არც მშობლები და არც პედაგოგები მოზარდებს არ უსმენენ. მათი პრობლემების შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ. ამიტომ არის, რომ ბავშვს ხშირად საკუთარი ქცევის მოდელი უყალიბდება, რომელიც საკუთარი თავის ძალადობრივი მეთოდით დამკვიდრებას ცდილობს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მოზარდები ძალადობას თავდაცვისთვის იყენებენ.
„სკოლებში ყველაზე მეტად ბულინგია გავრცელებული და ამის აღმოსაფხვრელად მასწავლებლები ვერაფერს აკეთებენ. მათ არ იციან კონკრეტულ შემთხვევებში როგორ უნდა მოიქცნენ. მასწავლებელი, მშობელი და მოსწავლე ასეთი პრობლემის აღმოფხვრისთვის კორდინირებულად უნდა მუშაობდნენ. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის არანაირი კონტაქტი არ არსებობს.
ბავშვის გარდა ყველა საუბრობს და მოზარდს რეალურად არავინ არაფერს ეკითხება. მის გარდა ყველას ხმა ისმის. მოზარდს არავინ უსმენს სინამდვილეში რა სურს, რა უნდა, რატომ იქცევა ასე. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. უყურადღებობა ბავშვების მიმართ, რომლებიც ყურადღების მიქცევას ამგვარი აგრესიით ცდილობენ.
ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ 15 მოზარდიდან, რომლებიც უშუალოდ ფატქის შემსწრეები აღმოჩდნენ, მათგან ცოტა თუ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოზარდებს არავის მიმართ ნდობა არ გააჩნია. მათ არავისი სჯერათ და თავს დაუცველებად გრძნობენ.
ეს გარემოებები მძიმე ფონს ქმნის და პრობლემას კიდევ უფრო მძაფრად გვიჩვენებს. აუცილებელია, რომ ბავშვს კრიტიკული აზროვნება ვასწავლოთ და ავუხსნათ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრაა აუცილებელი. ასევე საჭიროა, რომ მათ სამართალდამცავებთან ურთიერთობა და ნდობა აღვუდგინოთ“,-ამბობს ფსიქოლოგი „მეტრონომთან“.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს 51-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირებს 2 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი სიცოცხლეს 23 სააათის განმავლობაში ებრძოდა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავა, რომელსაც ბრალი უკვე წაუყენეს. ასევე იძებნება კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც მეორე გარდაცვლილის დავით სალარიძის განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. შსს-მ დღეს ასევე სამი პირი დააკავა, რომლებსაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.