ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის მისამართით გარკვეული კითხვები გაჩნდა. მისი თქმით, თავად პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გაირკვა, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწოლოვანებს შორის დაწყებულ დაპირისპირებაში უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილი მთავარი ფიგურანტია, რომელმაც დასახმარებლად დეიდაშვილს დაურეკა და დახმარება სთხოვა.
ხოფერიას აზრით, სწორედ სუბელიანის ცოლის ძმიშვილი გამოდის მოზარდი, რომელიც დავით სალარიძის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ ეს საქმე ორი დღის განმავლობაში უცნაურად იყო გაჩერებული. ხოლო საქმე მას შემდეგ დაიძრა და ნათელი მოეფინა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მისი განცხადებით, ნათელი ყველაფერს მხოლოდ მას შემდეგ მოეფინა, რაც შსს-ს მინისტრმა გვახარიამ მკაცრი განცხადებები გააკეთა.
„ვრცელდებოდა ხმები და საქმის გაჯანჯლებიდანაც ჩანდა, რომ პროკურატურა რაღაცის დამალვას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებები არ შეესაბამებოდა იმ განცხადებებს და ჩვენებებს, რომელსაც ადგილზე შემსწრე თვითმხილველები ჰყვებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმის აღების შემდეგ კი, უკვე სულ სხვა ფაქტები გახდა ცნობილი და ვნახეთ, რომ საქმეში მთავარი ფიგურანტის მამამ, მირზა სუბელიანმა თანამდებობაც დატოვა. ამის შემდეგ კი საზოგადოებამ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მიიღო.
ასევე ვნახეთ, რომ დღეს საქმის დაფარვის გამო კიდევ სამი პირი დააკავეს. რა თქმა უნდა, რომ 16 წლის ბავშვი ამდენი ხანი ვერც გაქცევას შეძლებდა და ვერც მიმალვას. ფაქტი სახეზეა, რომ მას ეხმარებიან. ის, რომ ბავშვს ოჯახი ფარავს, უკვე ძალიან ცუდი ფაქტია. მათ, რომ რაღაცის იმედი არ ჰქონდეთ, ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდნენ. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბავშვის ოჯახი ვიღაცისგან დახმარებას ელის. სხვაგვარად პოლიციაში თავადვე მიიყვანდნენ.
ოჯახმა ახლა ხომ მაინც უნდა აჩვენოს საზოგადოებას, რომ ისინი მზად არიან თუ მათი შვილი დამნაშავეა მისი სათანადო დასჯა მოხდეს. როცა ის ამხელა სისასტიკით ჩადენილ დანაშაულშია ეჭვმიტანილი და ამას კიდევ გაქცევა და მიმალვა ემატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ოჯახი თავს დამნაშავედ არ თვლის და კიდევ ჰგონიათ, რომ მათ ვიღაც დაეხმარებათ. ეს უნდა დამთავრდეს, არ შეიძლება ბავშვებს ვაჩვენოთ, რომ შეუძლიათ დანაშაული ჩაიდინონ და მას ეს შერჩეს, რადგანაც ოჯახი ან სხვა ვინმე დაეხმარა“,-ამბობს „მეტრონომთან“ ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს 51-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირებს 2 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი სიცოცხლეს 23 სააათის განმავლობაში ებრძოდა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავა, რომელსაც ბრალი უკვე წაუყენეს. ასევე იძებნება კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც მეორე გარდაცვლილის დავით სალარიძის განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. შსს-მ დღეს ასევე სამი პირი დააკავა, რომლებსაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.
ავტორი: ელზა პაპოშვილი