ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს ყვება.
აღნიშნულ მოზარდს „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა. როგორც მან სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, დაპირისპირება 51-ე სკოლის საპირფარეშოში სათამაშო თოფის გამო დაიწყო, რომელიც პლასტმასის ტყვიებს ისვრის. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოზარდმა მეორეს სწორედ სათამაშო თოფიდან ესროლა, რამაც პირველი დაპირისპირება წარმოშვა.
„საპირფარეშოში დაწყებულმა დაძაბულმა საუბარმა მოგვიანებით სკოლის გარეთ გადაინაცვლა, სადაც ერთ-ერთი მხარის ინიციატივით სხვა სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. ხორავას ქუჩაზე გადანაცვლებისა და საუბრის შემდეგ, საპირფარეშოში დაწყებული კონფლიქტი ამოიწურა და ბავშვები შერიგდნენ, თუმცა შემდეგ უკვე ახალი დაპირისპირება წარმოიშვა ერთ-ერთი ბავშვის გამო, რომელიც ინციდენტში მონაწილე მეორე მოზარდს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა. ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო“, – აღნიშნა შემთხვევის თვითმხილველმა მოზარდმა.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ დაპირისპირებას ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. (ინტერპრესნიუსი)