პარლამენტმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა და 89-ხმით ერთხმად მიიღო 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი.
მიმდინარე წლის საბიუჯეტო ცვლილებები სესიაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, რომლის განცხადებით, ცვლილება ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია, რის შედეგადაც, ბიუჯეტში შემოსავლების გადაჭარბებას აქვს ადგილი.
კაკურიძის თქმით, საბიუჯეტო პროექტის წინა განხილვის შემდეგ ჯამურ პარამეტრებში ცვლილებები არ განხორციელებულა და იგივე პარამეტრებია წარმოდგენილი: – საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში იზრდება 160 მილიონი ლარის ოდენობით, გრანტების მაჩვენებელი – 46,7 მილიონი ლარით, ხოლო სესხების ნაწილი მცირდება 176,7 მილიონი ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ აქ ჯამური ზრდა არის 305 მილიონი ლარი. მან დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით დამატებითი ასიგნებების გადანაწილების თაობაზე: ეკონომიკის სამინისტროს ემატება 106 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს – 65 მლნ ლარი, მათ შორის ეს არის როგორც აზიური ფაროსანას, ასევე, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის; ენერგეტიკის სამინისტროსთვის მატება 65 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის 50 მლნ ლარი არის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის, ხოლო 15 მლნ ლარი დონორების მიერ დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსების ნაწილში; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემთხვევაში მატება არის 10 მლნ ლარი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში – 30 მლნ ლარი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანხას ემატება 14 მლნ ლარი. შსს-ს ასევე 14 მლნ ლარი ემატება, დევნილთა და განსახლების სამინისტროს – 15 მლნ ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს – 5 მლნ ლარი.
რაც შეეხება შემცირებებს, საერთო სასამართლოებისთვის განსაზღვრული ასიგნებები მცირდება 10.0 მლნ ლარით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ახალი შენობის მშენებლობისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, ხოლო შენობის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება.
საშინაო ვალების მომსახურების ნაწილში პროცენტის თანხა მცირდება 9,9 მლნ ლარით.