უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შს სამინისტრო ვალდებულია 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებს მორალური ზიანისთვის კომპენსაცია გადაუხადოს.
ინფორმაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“2013 წლის 17 მაისს, პოლიციის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მოსარჩელეების მიერ ჰომოფოობისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორის დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მორალური კომპენსაციის გადახდა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით უცვლელი დარჩა, ხოლო 2017 წლის 14 სექტემბრის საქართველოს უზენაესი სასამრთლოს განჩინებით, ასევე უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის განჩინება. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, მადლობას უხდის ახალგაზრადა იურისტთა ასოციაციას საქმის წარმოების დროს გაწეული სამართლებრივი დახმარებისთვის”, – წერია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასმართლომ 2017 წლის 25 მაისს ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, შსს-ს 17 მაისის აქციის მონაწილეთა სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 12 500 ლარის გადახდა დაეკსირა.