“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიხსნება ყველა ნასამართლეობა, რომელიც, კანაფთან დაკავშირებით ადამიანებს ჰქონდათ და ასევე დაბრუნდება ყველას მართვის მოწმობა.
საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკიმინალიზაცია მოხდა. გივი შანიძის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა, სასამართლომ დააკმაყოფილა. მოქალაქე გივი შანიძის უფლებებს “გირჩის” იურისტი, ადვოკატი იაგო ხვიჩია იცავდა.
“წავიკითხავ ჩემი აზრით, ყვლაზე მნიშვნელოვან ციტატას “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს.” სასამართლომ ამ ციტატით თქვა არა მხოლოდ ის, რომ ნარკოპოლიტიკაში მოხდა გარღვევა, არამედ სასამართლომ თქვა ისიც, რომ სახელმწიფო უნდა შეეშვას პატერნალისტულ მიდგომებს.
ეს აისახება არა მხოლოდ მარიხუანაზე არამედ დროთა განმავლობაში ყველა ნარკოტიკულ საშუალებაზე. თუ მარიხუანა არის ასეთი, კანაფი არის ასეთი, მაშინ ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი ნარკოტიკი შესაძლებელია იყოს ასეთი. ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა საქართველოს ნარკოპოლიტიკის გასაადამიანურებლად და შესაცვლელად. გარდა ამისა საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ იხსნება ყველა ნასამართლეობა, რომელიც ამ მუხლით, კანაფთან დაკავშირებით ადამიანებს ჰქონდა. დაბრუნდება ყველა მართვის მოწმობა, რომელიც აქვთ შეჩერებული ადამიანებს ამის გამო”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საკონსტიტუციო სასამართლომ საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებას ეხება, დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.