ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი ფოფხაძე, მისი კონკურენტის, ნინო ლომჯარიას არჩევას ეხმაურება:
“ვთვლი, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. პარლამენტს ჰქონდა შანსი აერჩია ალტერნატიული კანდიდატი, რომელსაც ხალხის მხარადჭერა ჰქონდა. მათ აირჩიეს “ენჯეოების“ კანდიდატი და მიიღებენ იმას, რასაც მიიღებენ – ეს იქნება უკმაყოფილება.
არაერთხელ გვინახავს „ქართული ოცნებიდან“ წამოყენებული კანდიდატურა, რომელიც მათვე დაუბრუნდათ ცუდად. დარწმუნებული ვარ, ლომჯარიასთანაც ასე იქნება.
მადლობა მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებს, რომლებმაც დამიჭირეს მხარი. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიერ თავს მოხვეული კანდიდატი მათ არ უნდოდათ და მე მომცეს ხმა. 20 ხმა უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. ლომჯარიას კი „ქართული ოცნების“ გარდა „ნაციონალებმაც დაუჭირეს მხარი“– განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.
პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად ცოტა ხნის წინ აირჩია. ის საქართველოს მეხუთე სახალხო დამცველია.
ლომჯარიამ თანამდებობა 5 წლით დაიკავა.