თბილისში, სასტუმრო “რედისონში” C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა რიგით მესამეა და საერთაშორისო ექსპერტები განიხილავენ ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტის მიმდინარეობას.
„ეს პროექტი საყოველთაო შეფასებით იქნა აღიარებული მსოფლიოში ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ლიდერ პროგრამად. მას მართლაც განსაკუთრებული მიღწევები აქვს, 40 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ეს კურსი, ანუ თითქმის მესამედმა, ვისაც მკურნალობა სჭირდებოდა. თუმცა არის გამოწვევები და ეს გამოწვევები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ერთი წინადადადებით, რომ აქამდე მკურნალობას გადიოდნენ ის ადამიანები, ვინც ამ დაავადების შესახებ იცოდა და აქტიურად ცდილობდნენ პროექტში ჩართვას. ახლა, დარჩენილი 110 000 ადამიანიდან 90%-ზე მეტმა არ იცის ამ დაავადების შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული დეტექცია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კეთდება უკვე სკრინინგული კვლევები უფასოდ“, – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს ჟუჟანა ჯაკაბს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ქვეყნისა და გლობალური ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივებზე, თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრის მიწურულს, გაწეული თანამშრომლობისთვის დავით სერგეენკომ ჟუჟანა ჯაკაბი მედლით დააჯილდოვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი თბილისში ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა. საქართველომ კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში უმასპინძლა.