სახალხო დამცველის კადანდიდატს ნინო ლომჯარიას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ მიმართა. კახიძე დაინტერესდა ნინო ლომჯარიის პოზიციით: ჰყავს თუ არა საქართველოს პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირები და პოლიტპატიმრები.
კახიძის საპასუხოდ ლომჯარიამ განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოსთვის კარგი არ არის და ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რაც შეიძლება ნაკლები იყოს ფაქტები, როდესაც ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებების დარღვევას დაადგენს.
“ამ ჭრილში მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და დაადგინა კონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევა. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული პირის პატიმრობა გამოყენებულ იქნა არა მართლმსაჯულების მიზნებისთვის. ამ ნაწილში ფაქტი დადგენილია და უნდა მივიღოთ გარემოება.
რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრად პირის შეფასების პროცესს – იმისთვის, რომ პირის პოლიტიკურ პატიმრად ცნობა მოხდეს, უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების შეფასება და შეფასება – კონკრეტულად რომელ კრიტერიუმთან მიმართებით მოდის თანხვედრაში. ამ პროცესის შედეგად უნდა გაკეთდეს შესაბამისი დასკვნები.
ამ თვალსაზრისით საინტერესო იქნება რამდენად დამაკმაყოფილებლად ჩათვლის ევროსასამართლო საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ დღეს დანამდვილებით შეგვიძლია, ვისაუბროთ, რომ ეს ფაქტი დადგენილია და დეპუტატები უნდა საუბროდნენ რამ გამოიწვია აღნიშნული დარღვევა? არსებობს თუ არა გარანტიები, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს? არის თუ არა ეფექტური გამოძიება ამ კონკრეტული ფაქტის და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი შესაძლო გადაცდომები”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს. პარლამენტი ომბუდსმენს ხვალ დაამტკიცებს.
გუშინ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.