მთავარმა პროკურატურამ ორი პოლიციელის მიერ მოქალაქის გიორგი პერტაიას მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
“29 ნოემბერს თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გიორგი პერტაიას მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – განაცხადა სუხიაშვილმა.
დღეს მოქალაქე გიორგი პერტაიამ სამართალდამცველები ძალადობაში დაადანაშაულა. როგორც პერტაიამ თქვა, ნიკოლაძის ქუჩაზე საპატრულო ეკიპაჟმა უკანონოდ გააჩერა, დაკავებისას კი, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გიორგი პერტაიას თქმით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პოლიცია მას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდა.
“მათ მომთხოვეს საბუთები, როდესაც მე გადავეცი ავტომანქანისა და ჩემი საბუთები პოლიციის თანამშრომლებმა დამიწყეს აგრესუილი საუბარი, მომაყენეს სიტყვიერი შეურაცყოფა და დამემუქრნენ. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა დამადეს ხელბორკილები, ჩამსვეს საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში და გადამიყვანეს დიღომში დროებითი მოთავსების იზოლატორში. გზაში პოლიციის თანამშრომლები მაყენებდნენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცყოფას. ისინი მეუბნებოდნენ რომ ვიყავი ნასვამი, ასევე ვიყავი ნარკომანი და ამის გამო დამიჭერდნენ. ჩემი უარყოფისა და ნარკოლოგიურში შემოწმების მოთხოვნის შემდეგ მიპასუხეს რომ არ იყო პრობლემა, რადგან ნარკოტიკებს ჩადებას მარტივად შეძლებდნენ. მუქარასა და გინებასთან ერთად მაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცყოფასაც”, – თქვა გიორგი პერტაიამ.