“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტია პარლამენტში ტერორიზმის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ეს განცხადება მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვეღარ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. მისი აზრით, 22 ნოემბერს თბილისში მომხდარი სპეცოპრეციას ორი ახსნა აქვს.
მელია ამბობს, რომ ერთი ან მოხდა საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ადამიანების ქვეყანაში შემოპარვა და მერე მათ თბილისის ცენტრში განლაგება მოახერხეს და თითქოს სპეცსამსახურებს გამოეპარათ სამხედრო ბაზის განლაგება ისანში.
ან არის მეორე მოსაზრება, რომ სახელმწიფო ჯგუფმა შეითანხმა მათი შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, შემდეგ ეს შეთანხმება დაირღვა და ამის გამო განვითარდა ის მოვლენები, რომელიც ვიხილეთ. თუმცა მელია შემოპარვის ვერსიას არ ემხრობა და ამბობს, რომ დაუშვებელია უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ამ ადამიანებს სამი კვირა უთვალთვალებდა, ლოგიკურია, რომ მათი ვინაობა და მოქმედება იცხოდა.
შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.