“ეს იყო ტერორიზმის საფრთხის პირველი განცდა ჩვენს ქვეყანაში“, – ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველა თემით შეიძლება პოლიტიკური დივიდენდების დაწერა, გარდა ტერორიზმისა, რადგან ეს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე გადის.
“რა თქმა უნდა, მომხდარი ფაქტის შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას უნდა ფლობდეს და არა იმ დოზით, როგორც ითხოვენ. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როცა საქმე სახელმწიფო უსაფრთხოებასთან გვაქვს. ტერორიზმის საკითხზე ინფორმაციის ღიად გაცემით ცეცხლს ვეთამაშებით და ამ ინფორმაციას, მოიხმარენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ბევრი დაინტერესებული მხარე. თუ რომელიმე პოლიტიკოსს მაინც და მაინც სურს ცეცხლთან თამაში შეუძლია ეს გააკეთოს, მხოლოდ საკუთარი და არა ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების ფასად. ბევრი თემა შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური დივიდენდებისთვის, გარდა ტერორიზმისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა. ჩვენ მიერ ღიად ნათქვამი თითოეული სიტყვა და ტელევიზიებით გასული თითოეული კადრი სიტუაციას ამძაფრებს და არა პირიქით, ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფერზე დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ გავთავისუფლდეთ ვიწრო პარტიული ინტერესებისგან და ვიზრუნოთ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, რომელიც თითოეული მოქალაქის სიცოცხლეზე გადის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.