უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ იცის ის ადამიანები, რომლებიც ტერაქტს ამზადებდნენ. ამის შესახებ უფლებადამცველმა გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა. მისი თქმით, ტერორისტებს 3 კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, ხოლო იმ სადარბაზოში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, კამერები იყო დამონაჟებული.
“მაქვს ინფორმაცია, რომ იმ სადარბაზოში, იმ სართულზე, სადაც ეს ადამიანები იმყოფებოდნენ იყო სათვალთვალო კამერა და ყველა ადამიანი, ვინც აღნიშნულ ბინაში შედიოდა და გამოდიოდა არის დაფიქსირებული, რაც ხელმისაწვდომია სპეცსამსახურებისთვის. შესაძლოა, მათ ვინაობას იმიტომ არ ამხელენ, რომ გამოძიებაში არის ამერიკული მხარე ჩართული. ისინი მხოლოდ მას შემდეგ აცხადებენ გამოძიების პასუხს, როდესაც დარწმუნებულნი არიან მის სიზუსტეში” – განაცხადა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.