შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
დღეს, თბილისში მდებარე ძეგლების ნაწილს პირბადეები გაუკეთეს. უცნობია ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი და რა გზავნილი აქვთ მათ, თუმცა მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ავტორები ამ ჟესტით თბილისში ჰაერის დაბინძურებას უსვამენ ხაზს.
“აქცია, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებმა თბილისში მდებარე ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს, თბილისის მერიის მიერ არ არის ნებადართული”, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ მოქალაქეებს საკუთარი პროტესტის გამოხატვა უფრო ცივილური გზით შეეძლოთ და არა ძეგლების შეურაცხყოფით.
„ეს აქცია მერიიდან არ არის ნებადართული, ორგანიზებული მითუმეტეს. ჩვენ ამას რასაკვირველია, არ მივესალმებით. ამ ადამიანებს გარკვეული პროტესტის გამოხატვა სურდათ, რომელიც უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფით. ამდენად, აღნიშნულ ფაქტს ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის და საზოგადოებვისთვის მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ვიცე-მერის თქმით, აღნიშნული მოქალაქეების მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციები გავრცელდება. ჯერჯერობით უცნობია რა სანქცია დაეკისრებათ აქციის ავტორებს.