ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის მერია ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატივით, შესაბამის ორგანოებს მიმართავს

თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დედაქალაქის მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს გაუქმებას მიზანშეწონილად მიიჩნევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატივით, მერია შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო თბილისის მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას მიზანშეწონილად მიიჩნევს და ამ ინიციატივით შესაბამის ორგანოებს მივმართავთ. საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, წლების განმავლობაში, კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები  მიიღებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიას სტრუქტურული რეფორმა აქვს დაწყებული. შესაბამისად, პროცესის დასრულებამდე, ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციას მერიის შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ.

„ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე ვისაუბრე და გავაკეთე განცხადება, რომელიც რასაკვირველია, ასევე, ურბანული პოლიტიკის მიმართულებას და არქიტექტურის სამსახურის  ფუნქციურ გარდაქმნას შეეხება. ამ პროცესის დასრულებამდე, ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, ბიუროკრატიის შემცირების,  გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის  მეტი ეფექტურობის მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისია უქმდება.

„ამ მიზნით, ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში  და უფრო ეფექტურად მიიღებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....