22 ნოემბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციის ირგვლივ კითხვები არ წყდება. ვინ არიან ლიკვიდირებული პირები და როგორ მოახერხეს მათ საქართველოში შემოსვლა. “მეტრონომი“ ანალიტიკოსებთან საუბრისას შეეცადა მედიაში არსებული ყველა ვერსია განეხილა და სპეცოპერაციის შესახებ არსებული კითხვის ნიშნები მოსაზრებებით გაგვემყარებინა.
ოპოზიციაც და უმრავლესობაც პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელს იბარებენ. თავად სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა გამოთქვა მზადყოფნა, ახსნას როგორ მოხვდნენ ტერორისტები საქართევლოში. თუმცა, ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა არ არის, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. გავრცელებული ინფორმაციით და სხვათაშორის, ამას უკვე არც თავად სუს-ის ხელმძღვანელიც უარყოფს, რომ ლიკვიდირებულთა შორის შესაძლოა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები ახმეტ ჩატაევი და ადამ-გურამ გუმაშვილი იყვნენ. ასევე, როგორ მოახერხეს საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებულმა პირებმა ქალაქის ცენტრში ამდენი იარაღის თავმოყრა.
კითხვები ასევე, გაზეთ “ქრონიკა +”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგაც ჩნდება. კონკრეტულად, გამოცემის ინფორმაციით, ხალიფატის მებრძოლის ადამ-გურამ გუმაშვილის ნათესავები საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ. გაზეთი წერს, რომ ის ასევე, პანკისის ხეობის ერთ-ერთი უხუცესის, ზაურ გუმაშვილის ძმისშვილია, რომელიც 2012 წელს ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელუ კომისიის წევრი იყო.
ზაურ გუმაშვილი ასევე შევარდნაძის დროს, კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა. გამოცემის ინფორმაციით, ზაურ გუმაშვილის შვილი, ანუ ადამ-გურამ გუმაშვილის ბიძაშვილი მორის გუმაშვილი შსს-ს კონტრტერორისტულ ცენტრში მუშაობს. ასევე ზაურ გუმაშვილის ძმიშვილი ლევან გუმაშვილი შსს-ს ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილებაში მოღვაწეობს.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება „მეტრონომმა“ პანკისში სცადა. პანკისის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელმა ხასან ხანგოშვილმა „მეტრონომს“გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა. მისი თქმით, ჯერჯერობით დაუდასტურებულია, არის თუ არა გარდაცვლილებს შორის ადამ-გურამ გუმაშვილი.
ხანგოშვილის განცხადებით, ზაურ გუმაშვილი მისი მეგობარია და ის შევარდნაძის დროს ნამდვილად კახეთის გუბერნატორის მოადგილე იყო. უხუცესის თქმით, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ პანკისში სიმშვიდეა და ხეობის მისამართით არსებული კითხვები მოიხსნა. ხანგოშვილი იმ ონფორმაციასაც ადასტურებს, რომ ზაურ გუმაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელ კომისიაში იმყოფებოდა. უხუცესი ამბობს, რომ ადამ-გურამ გუმაშვილის ბიძაშვილები ნამდვილად შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ თუ ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი და ადამ-გურამ გუმაშვილი არიან, მაშინ მათი ქვეყანაში შემოსვლის რამდენიმე ვერსია შეიძლება არსებობდეს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ის საერთაშორის ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ამერიკის, ან ისრაელის შუამოვლობით საქართველოში შემოიტყუა.
არეშიძე ამბობს, რომ ამის მთავარი მიზანი ის იყო, რომ დადგენილიყო აქ ჩატაევის შესაძლო კავშირები და საერთოდ, არის თუ არა საქართველოში ტერორისტული ქსელი. მეორე ვერსიით, კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული თავად ქართულ სპეცსამსახურებში არსებობენ ადამაინები, რომლებმაც ის შემოაპარეს გარკვეული მიზნებისთვის, რათა შემდეგ საქართველოს ხელისუფლების უნიათობისთვის გაესვათ ხაზი. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ეს ადამიანები წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ.
„ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია, რომ სუს-ს აწყობდეს სპეცოპერაციის სურათების გავრცელება და მითუმეტეს, იმ ვერსიის მედიაში გაშვება, რომ თითქოს ლიკვიდირებულებს შორის ახმეტ ჩატაევია. რა თქმა უნდა, იმას არ ვუარყოფ, რომ ეს კადრები სუს-იდან ჟონავს, მაგრამ ეს არ გამოვრიცხავ წინა ხელისუფლების დროინდელი დარჩენილი ადამინები არიან, რომლებიც ვიღაცასთან შეთანხმებით მოქმედებენ.
მართალი გითხრათ, ლიკვიდაციის კადრები, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა არაფრის მთქმელია, ეს არის ტერორისტის ჩვეულებრივი ლიკვიდაცია. ჩატაევი, ერთი ვერსიით, ქართულმა სპეცსამსახურებმა საერთაშორისო ანტიტერორისტული მისიის ფარგლებში შემოიტყუეს, ხოლო მეორე ვერსიით, მას შესაძლოა ქართულ სპეცსამსახურებში ჰყავდა ადამიანები, რომლებმაც რაღაცის სანაცვლოდ შემოიყვანეს და უსაფრთხოდ საქართველოში ყოფნას დაჰპირდნენ. თუმცა, შემდეგ მოხდა რაღაც და ინფორმაციამ გაჟონა.
რაც შეეხება ინფორმაციას ადამ-გურამ გუმაშვილის ლიკვიდაციაზე, ნაკლებად სარწმუნო მგონია, რომ ის საქართველოში ჩამოსულიყო. ასეთ შემთხვევაში, მე ინფორმაცია მექნებოდა. ეს სხვა გუმაშვილი მგონია და დეტალებზე საუბარი ჯერჯერობით არ მსურს. ყოველ შემთხვევაში არც უარყოფა და არც დადასტურება არ მინდა“, – ამბობს არეშიძე „მეტრონომთან“.
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი „მეტრონომთან“ საუბარში, გამორიცხავს ვერსიას, რომ ახმედ ჩატაევი და მისი თანამებრძოლები საქართველოში ქართულ სპეცსამსახურებს შემოეშვათ. კასრელიშვილი ამბობს, რომ საქართველოს არაფერში სჭირდებოდა მსგავსი სახის სკანდალი და თავსატეხი. მისი აზრით, ახმედ ჩატაევის შემოყვანაში უცხო ქვეყნის აგენტურა უნდა იყოს ჩარეული, რომელიც კასრელიშვილის აზრით, ქართულ სპეცსამსახურებში არიან ჩანერგილები.
მისი თქმით, მას კავკასიელი მეგობრებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს. სახლში მყოფ ტერორისტებს ქართული სპეცსამსახურები საათში ერთხელ ელაპარაკებოდნენ და დანებებას სთავაზობდნენ. მისი აზრით, სწორედ ამის გამო სპეცოპრეცია დროში გაიწელა. თუმცა, მისთვისაც და მისი ჩეჩენი კოლეგებისთვისაც გაუგებარია ჩატაევი და მისი დაცვის წევრები რატომ არ ჩაბარდნენ.
სწორედ ამ კითხვებზეა პასუხი გასაცემი. მას ქართული მხარე კასრელიშვილის ინფორმაციით, ცალკე გამოყოფილ საკანს, უცხო ქვეყნის არგადაცემის გარანტიას და მუსლიმანისთვის შესაფერის კვებასაც კი ჰპირდებოდნენ. ჩატაევისთვის საქართველო ყველაზე იდეალური ქვეყანა იყო, სადაც მას ფიზიკურად გადარჩენა შეეძლო.
„ჩემთვის ლოგიკას მოკლებულია ის ფაქტი, რომ შესაძლოა ქართულ სპეცსამსახურებს ჩატაევი საქართველოში შემოეყვანა და შემდეგ საკუთარი მოსახლეობა ამხელა საფრთხის წინაშე დაეყენებინა. კითხვები ჩნდება – ვინ არის ის ხალხი ვინც ასე მონდომებით ცდილობს მედიაში საქმეში არსებული მასალების გასაჯაროებას.
ხომ არ არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც ჩატაევი საქართველოში შემოიყვანეს? ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ამ აგენტურის ქსელი, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ. გაუგებარია და ლოგიკას მოკლებულია, ქართულ მხარეს ეს აჟიოტაჟი რაში სჭირდებოდა.
მაშინ პირდაპირ საზღვარზე უპრობლემოდ დააკავებდა. ვნახეთ, რომ სპეცოპერაციის დროს, სუს-ს მისი ლიკვიდაცია არაფრის დიდებით არ სჭირდებოდა. საათში ერთხელ მოლაპარაკებას მართავდნენ და დანებებას სთხოვდნენ. ცალკე საკანსაც კი სთავაზობდნენ, ოღონდ ჩაბარებოდნენ. აქ უფრო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობას ვხედავ. თუნდაც რუსულის, რომელსაც დიდი ყუარდღების მიქცევა სჭირდება. აქ უფრო სერიოზულ რაღაცასთან გვაქვს საქმე“, – ამბობს კასრელიშვილი „მეტრონომთან“.
ავტორი: ელზა პაპოშვილი