ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქცია პერფორმანსი „აიხილე თვალები“: ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანია

დღეს, 28 ნოემბერს, მეტროსადგურ „პოლიტექნიკურთან“ ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდისა და USAID -ის „ოჯახში ძალადობის შემცირების“ პროექტის ორგანიზებით, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

ღონისძიებას სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორგანიზატორთა განცხადებით, წელს კამპანიის სლოგანია „აიხილე თვალები“.

ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდში აცხადებენ, რომ დაგეგმილი ღონისძიება მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას, სახელმწიფო სერვისები მეტად პოპულარიზაციას საზოგადოებაში და პრევენციული ღონისძიებების გაცნობას.

ღონისძიების ფარგებში ფონდის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ძალადობის საკონსულტაციო ხაზის ნომრიანი საინფორმაციო ბროშურები, ბუშტები და მაისურები  დაურიგეს.

„ბუკიას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია ფოტო და მუყაოს ქალის ტორსების გამოფენა, რომლებზეც მოკლული ქალების რეალური ისტორიებია გადმოცემული.

გენდერული ძალადობის 16-დღიანი კამპანია მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადმაიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება.

ფონდის დირექტორის მოადგილის, ლაშა ჯინჯიხაძის თქმით, ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის ცხელ ხაზზე კონსულტაციის მიღება 7 სხვადასხვა ენაზეა შესაძლებელი და მასზე დარეკვა უფასოა.

ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ქეთი ბეროშვილი აღნიშნავს, რომ იმ ბროშურებზე, რომლებსაც ისინი ადამიანებს გადასცემენ, ცხელი ხაზის ნომერი 116-006 წერია და მასზე დარეკვა უფასოსთან ერთად ანონიმურია.

„ადამიანებს მათი კონფიდენციალობის სრული დაცვით მოვუწოდებთ ძალადობის შემთხვევაში დარეკონ და მიიღონ კონსულტაცია“ – აღნიშნა ქეთი ბეროშვილმა „მეტრონომთან“.

ლაშა ჯინჯიხაძის თქმით,  ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი საზოგადოებას რამდენიმე სახის სერვისს სთავაზობს:

„პირველ რიგში ეს არის თავშესაფრით მომსახურება, კრიზისული ცენტრით მომსახურება და მათ ბაზაზე ფსიქოლოგის, იურისტის და სოციალური კუთხით დახმარების მომსახურება.

ზოგადად, თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, ის მზარდია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძალადობის ფაქტები გაიზარდა, არამედ მომართვიანობა გაიზარდა. საზოგადოება შედარებით უფრო ინფორმირებული გახდა აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე და ისინი უფრო მეტად გაბედულ ნაბიჯს დგამენ, მიმართავენ სხვადასხვა ორგანიზაციებს დახმარებისთვის, მათ შორის, სახელმწიფო ფონდს“ – აღნიშნა ლაშა ჯინჯიხაძემ.

 

ავტორი: ნინო ცხადაია

 

იტვირთბა....