როგორც კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტმა უმარ იდიგოვმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაახლოებით 2 თვის წინ მას მიმართეს ახმედ ჩატაევის წარმომადგენლებმა და უთხრეს, რომ ჩატაევს საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა. მისი თქმით, მან ჩატაევს შეუთვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა.
„ჩატაევი აპირებდა ჩამოსვლას. მე მომმართეს მისმა წარმომადგენლებმა, დაახლოებით 2 თვის წინ და მითხრეს, რომ უნდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ამის შანსი არ არის თქო. ადამიანი საერთაშორისო ძებნილია ინტერპოლით და საქართველო ჩეჩნების გამო ბეწვის ხიდზეა ისედაც. ამიტომ ჩატაევს შევუთვალე, რომ საქართველოში ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინა“, – განაცხადა იდიგოვმა.
შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.