უფლებადამცველმა გელა ნიკოლეიშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა აჰმედ ჩატაევი საქართველოში შემოიტყუეს საერთაშორისო ანტიტერორისტული ცენტრის ჩართულობით, რომლის წევრიც საქართველოა.
როგორც მან ივარაუდა ამის მიზანი შეიძლება ყოფილიყო ჩატაევის დაპატიმრება, რადგან ის ძალიან ბევრ ინფორმაციას ფლობდა.
“დაკავება ვერ მოხერხდა. რატომ ჰქონდათ ილუზია, რომ ის ცოცხალი ჩაბარდებოდა, მე არ ვიცი. შემდეგ გეგმები შეიცვალა. ეს არ ჰგავდა დაგეგმილ ოპერაციას, დაგეგმილი ოპერაცია არ გრძელდება 20 საათი“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.
მისი ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევი ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეა, რადგან მოქალაქეობა არავის ჩამოურთმევია.
“ნაკლებად დასაჯარებელია, რომ ცალფეხა, ცალხელა კაცი მთებით და გორებით შემოვიდა. არ გამოვრიცხავ, რომ ის აქ შემოიტყუეს“, – აღნიშნა გელა ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.