ახალი ამბები მთავარი სამართალი

პანკისის უხუცესი: “ჩატაევს საქართველოში შემოსვლა საზღვრის გვერდის ავლით შეეძლო”

პანკისის უხუცესთან საბჭოს ხელმძღვანელი ხასან ხანგოშვილი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევის ამოცნობა რთულია არ არის და მისი ვინაობის დასადგენად  ამდენი ექსპერტიზა  საჭირო არაა. მისი აზრით, თუ ლიკვიდირებულებს შორის ჩატაევიცაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ქვეყანაში არაოფიციალურად შემოსვლა არ შეეძლო.

მისი აზრით, ჩატაევის მსგავსმა ადამიანებმა კავკასიაში თავისუფლად  და შეუმჩნევლად მოძრაობისთვის გზები კარგად იციან და მათ უსაფრთხოდ გადაადგილება არ უჭირთ.

ხანგოშვილი ამბობს, რომ ჩატაევს, როგორც თურქეთიდან ასევე აზერბაიჯანიდან ე.წ. ბილიკებით შემოსვლა საზღვრის გვერდის ავლით შეეძლო. ხანგოშვილი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ ჩატაევის ცოლ-შვილი პანკისში ცხოვრობდა, თუმცა სად იმყოფებიან ახლა მისთვის უცნობია. უხუცესის თქმით, თუ ჩატაევი საქართველოში მართლაც იმყოფებოდა, ძნელად დასაჯერებელია, რომ ის აქ  ტერაქტს გეგმავდა.

“ჩატაევს პირადად არ ვიცნობ და არც მისი ცოლ-შვილის შესახებ ვფლობ რაიმე ინფორმაციას. ერთის დადასტურება კი შემიძლია, რომ მისი მეუღლე პანკისელი ქისტია. თუმცა სად არის ახლა ჩემთვის უცნობია.

სპეცოპერაციის დროს, გარდაცვლილებს შორის თუ ჩატაევიც არის მისი ამოცნობა რთული არ იქნება. მას იმდენად დამახასიათებელი ნაკლი ჰქონდა. ჩატაევს არალეგალური გზით საქართველოში შემოსვლა არ გაუჭირდებოდა.

ასეთი ადამიანები საზღვარზე გადმოპარვას ახერხებენ. მათ გზები კარგად იციან და როგორც თურქეთიდან ასევე აზერბაიჯანიდან შეეძლო შემოსულიყო. ჩემთვის რთული ასახსნელია  მას საქართველოში რა მიზნები ჰქონდა.  ნაკლებად მგონია, რომ ის აქ ტერაქტის მოწყობას აპირებდა”,-ამბობს ხანგოშვილი “მეტრონომთან”.

შეგახსენებთ,  21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....