სააგენტო “გურიანიუსის” ინფორმაციით, სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასზე ასახული პირი 22 ნოემბრის სპეცოპერაციისას გაქცეულია, სიმართლეს არ შეესაბამება.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პირი სამი ლიკვიდირებულიდან ერთ-ერთია.
სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჯერ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების იდენტიფიკაცია არ მომხდარა.
“სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. მათ ჩვენზე მეტად გამოცდილი სპეციალისტები ჰყავთ როგორც საექსპერტო, ასევე საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას”- აღნიშნა გომელაურმა.
21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.