ახალი ამბები მთავარი სამართალი

ომბუდსმენი: ტერორიზმში ბრალდებული სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებულებთან ნაცნობობას უარყოფს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ტერორიზმში ბრალდებული, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის ფარგლებში დააკავეს, სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებულ პირებთან ნაცნობობას უარყოფს.

მისი თქმით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად ჰქონდა.

„ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ქონას. ის ამბობს, რომ არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც ტარდებოდა სპეცოპერაცია. როგორც დაკავებული აღნიშნავს, მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა იქიდან. ის ასევე იყო დაინტერესებული მეტი ინფორმაცია მიეღო სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რაზეც ჩვენ მას ინფორმაცია მივაწოდეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩართულები ვართ და უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....