სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრისას დაღუპულის ზაურ აბულაძის ბიძა ბესო აბულაძე მედიასთან მომხდარის დეტალებზე კომენტარს აკეთებს.
ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“საუნაში სხვებიც იმყოფებოდნენ. როდესაც დაკვამლიანება მოხდა, ამ მომენტში შუქი გათიშეს. იქ მყოფები დაიბნენ და გამოსასვლელს ეძებდნენ. ნაწილი სასწაულებრივად გადარჩა. ჩვენთვის, ნათესავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სწორად წარიმართოს და დეტალურად გაირკვეს. თუ დამნაშავეები არიან, დაისაჯონ. თუ მათ თავისი როლი შეასრულეს, მაგრამ ეს ღვთის ნება იყო, ესეც დადგინდეს. ოჯახისთვის ეს მნიშვნელოვანია…. ხანძრის დროს დაახლოებით რვა ბიჭი იყო ერთად იყო. ჩემმა შვილმა ორიენტაცია განსაზღვრა და გაიქცა. ლიფტში სინათლე გაითიშა, თუმცა, მადლობა ღმერთს, დროულად დააღწიეს თავი. ორი ბიჭი ლიფტში გაიჭედა, ისინი ლიფტის მოძრაობისას მაღლა გაჩერდნენ. ჩემმა შვილმა გაჩერებული ლიფტი ხელით გახსნა და გამოვიდა. გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს. ვითხოვთ, გამოძიებას”, – თქვა ბესო აბულაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი.