“ქართული ოცნების” ოფისში შეკრებილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სახალხო დამცველის პოსტზე შეთავაზებულ კანდიდატებს შორის არჩევანი ნინო ლომჯარიაზე შეაჩერეს.
გადაწყვეტილებას, თავად, ომბუდსმენობის კანდიდატი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“პირველ რიგში მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბათუმში დაღუპული პირების გამო. წუხანდელი ღამის ტრაგიკული მოვლენების გამო ვერ გამოვეხმაურე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ჩემი კანდიდატურის დასახელებას სახალხო დამცველის პოსტზე. მინდა მადლობა გადავუხადო მმართველ ძალას ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების გათვალისწინებისთვის! დიდი მადლობა ვუთხრა არასამთავრობო სექტორს, თითოეულ თქვენგანს გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის!,”- წერს ლომჯარია.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლომჯარიას გარდა, თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები განიხილებოდა.
შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. მანამდე კი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.