„აქ საქმე გვაქვს იარაღის ორგანიზებულად მოგროვებასთან“ – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში კოტე იოსელიანმა „მეტრონომს“ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განუცხადა.
იოსელიანი ამბობს რომ საშუალო რანგის კრიმინალებს ამ რაოდენობის იარაღი არ შეიძლებოდა ჰქონოდათ. მისი თქმით, შესაძლებელია ერთეულები შეიძინონ, მაგრამ იმ რაოდენობის იარაღი, რომ სპეცრაზმს გაუწიოს წინააღმდეგობა სამმა კაცმა, ნაკლებადსავარაუდოა, რომ ასე არაორგანიზებულად და საცალოდ ჰქონოდათ შეძენილი.
„აქ საქმე გვაქვს იარაღის ორგანიზებულ მოგროვებასთან, რასაც გააჩნია ორი გზა, ერთი – შემოიტანო ქვეყანაში ფარგლებსგარედან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი საზღვარი აბსოლუტურად დაუცველია და ნებისმიერი სახის ნივთის შემოტანა მარტივადაა შესაძლებელი, ისეთი დაჯგუფებისთვის, როგორიცაა ტერორისტული დაჯგუფება.
მეორე ვარიანტია, რომ ადგილზე შეიძინეს იარაღი. რაღაც ქსელი არსებობს, უფრო ფართო, ვიდრე ეს სამი ადამიანი იყო და ისინი ერთმანეთს ეხმარებიან იარაღის შეძენაში ან კონკრეტული ჯგუფები, რომლებსაც ხელი მარტივად მიუწვდებათ და ვაჭრობაში არიან ჩართულნი. ეს ყველაფერი ვარაუდის საკითხია. ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ და მჯერა, რომ ქართული მხრიდან არანაირი ფორმატი არ არსებობს იმისა, ვისთანაც ამ ტერორისტებს ჰქონდათ ურთიერთობა და ვისი საშუალებითაც შეიძინეს ეს იარაღი. იმედი ვიქონიოთ, რომ იარაღი საცალოდაა შეძენილი. ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გაგვცეს“- აღნიშნავს კოტე იოსელიანი „მეტრონომთან“.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ჯგუფის გარდა, რომლის ლიკვიდირებაც მოახერხეს, სხვა ჯგუფებიც არსებობს, რომლებსაც არანაკლები შეიარაღება შეიძლება ჰქონდეთ:
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთი ჯგუფის გარდა შესაძლებელია კიდევ რამდენიმე ჯგუფი არსებობდეს, ამის ძალიან დიდი ალბათობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმათაც ექნებათ იგივე შეიარაღება და ესეთი პატარა ქვეყნის მასშტაბით თუ ამდენი იარაღით მოძრაობენ, ძალიან საგანგაშო ფაქტია“- აღნიშნა იოსელიანმა.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარას, იოსელიანი აბობს, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, ვინ იყვნენ ე.წ. ტერორისტები, შემდეგ გავარკვევთ ვინ შეიძლება მათ გამოესარჩლოს და ვისი იდენტიფიცირება შეიძლება მათ მოკავშირეებად, რის შემდეგაც მარტივადაა შესაძლებელი მათი იდენტიფიცირება, რომლებმაც შემდგომში შეიძლება შური იძიონ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებზე.
საუბარია სპეცოპერაციის შემდეგ გავრცელებულ მუქარაზე, სადაც ავტორი სპეცოპერაციის ადგილზე გარდაცვლილის ფოტოს შემდეგი სახის კომენტარებს უწერს:
“მოკლული ძმისთვის ათასებს მოგკითხავთ მალე დავბრუნედებით, თავებს დაგაჭრით ქაფირებო, მიწა ღვთისაა და არა თქვენი”.
ამ დროისთვის აღნიშნული ანგარიში სოციალურ ქსელში არ იძებნება. სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უწყებაში ყველა მსგავს მუქარაზე ინფორმაციას ფლობენ და აკვირდებიან:
“რა თქმა უნდა, ვფლობთ ინფორმაციას. ვაკვირდებით, ღია წყაროებშიც. ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით“ – განაცხადა გომელაურმა.
კოტე იოსელიანი მიიჩნევს, რომ ვიღაცების გამოხმაურება ნაკლებად სერიოზულია, აქ სერიოზულია პასუხები გაეცეს იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს , – ვინ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რა ბრძანებები გაიცა სპეცოპერაციის დაწყებიდან ბოლო მომენტამდე, ვინ არიან ეს ადამიანები, დიდი ხანი იცოდნენ თუ არა სპეცსამსახურებმა ამ დაჯგუფების შესახებ, რამ განაპირობა კონკრეტულ მომენტში სპეცოპერაციის აუცილებლობა. რატომ არ შეიძლებოა ყოფილიყო თვალთვალი და სათითაოდ ეს ადამიანები სახლიდან როცა გამოვიდოდნენ, დაძაბულობისა და სროლის გარეშე დაეკავებინათ და ა.შ.
ავტორი: ნინო ცხადაია