ტერორისტებისგან გვიცავს ის, რომ მათ მიაჩნიათ, ჩვენ რუსეთს ვებრძვით, -ამის შესახებ “მეტრონომთან” პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განაცხადა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შეფასებისას:
“ტერორიზმს ერთი სახე აქვს-რადიკალური ისლამი. ამ ტერორიზმის მთავრ სამიზნედ საქართველო ჯერ არ ჩანს. მათ აინტერსებთ ევროპა, აშშ და უფრო მეტად-რუსეთი, სადაც მუსულმანების დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ასევე, ჩრდილოეთ კავკასია, რომელიც, ფაქტობრივად, დენთის კასრია.
საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ უკანასკნელ მომენტამდე გვიცავდა მათგან ის, რომ ტერორისტები მიიჩნევდნენ, რუსეთს ვებრძოდით. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რადიკალური ისლამისთვის ეს მომენტი გაქრეს-მაშინ მათთვის რეალურ სამიზნედ ვიქცევით.
არ მიმაჩნია, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ტერორისტების შურისძიება გამოიწვიოს. მათთვის საჩუქარი არ არის რაც საქართველოში მოხდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, რომ ის რუსეთის აგრესიის მსხვერპლია, ჯერ კიდევ მუშაობს. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამ არგუმენტმა კიდევ დიდხანს იმუშაოს.
იყო ვარაუდი, ხომ არ ჯობდა, რომ ტერორისტები აქედან უსისხლოდ, უჩუმრად გაგვესტუმრებინა. ასეთი პრაქტიკა არსებობდა, მაგალითად, შევარდნაძის დროს, როცა გილაევის რაზმი საქართველოდან სისხლის გარეშე გაუშვეს და მათ რუსეთი თავის ტერიტორიაზე გაუსწორდა. მაგრამ, ვინაიდან სრული ინფორმაცია არავის გვაქვს, ვერ ვიტყვით, რომელი ჯობდა.”-განაცხადა ცინცაძემ “მეტრონომთან”.
ცნობისთვის, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, ერთ-ერთი, არაოფიციალური ინფორმაციით, “ისლამური სახლემწიფოს” ერთ-ერთი დიდი დაჯგუფების ხელმძღვანელი, ათათურქის აეროპორტის აფეთქების ორგანიზატორი, აჰმედ ჩატაევი იქნა ლიკვიდირებული.
შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი არის ახმატ ჩატაევი, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.