გამოვრიცხავ, რომ ეს ჯგუფი საქართველოში გეგმავდა ტერაქტს, -ამის შესახებ “მეტრონომს” პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განუცხადა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შეფასებისას:
“ეს ჯგუფი აქ უკვე თვეები ცხოვრობდა. მათ საქართველოში რომ ჰქონოდათ ტერაქტი განსაზღვრული, “თბილისობაზე” უკეთესს გარემოს ვინ ინატრებდა? მაშინ მოაწყობდნენ ტერაქტს.
ჩემი ყველა გათვლით, ეს ტერორისტული დაჯგუფება სხვა ქვეყანაში გადასვლას აპირებდა. სიმართლეს ბოლომდე, ჩვენ ვერასდროს გავიგებთ. ისევე, როგორც ვერასდროს გავუგებთ ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალებს, ან შევარდნაძის ტერაქტს… არის მოვლენები, რომელსაც საზოგადოება ვერასდროს გებულობს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სპეცსამსახურები სათანადო დასკვნებს გააკეთებენ იმ მასალებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენთვის უცნობია.”-განაცხადა სოსო ცინცაძემ “მეტრონომთან”.
ცნობისთვის, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, ერთ-ერთი, არაოფიციალური ინფორმაციით, “ისლამური სახლემწიფოს” ერთ-ერთი დიდი დაჯგუფების ხელმძღვანელი, ათათურქის აეროპორტის აფეთქების ორგანიზატორი, აჰმედ ჩატაევი იქნა ლიკვიდირებული.
შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი არის ახმატ ჩატაევი, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.