თეოლოგებს შორის განსჯა მიმდინარეობს, თუ რა სახის ნაბიჯი გადადგა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, როცა მან თავისი მესაყდრე დაასახელა.
თეოლოგი ლევან აბაშიძე ვარაუდობს, რომ პატრიარქის არჩევის დროს მეუფე შიოს კანონიკურად არა, მაგრამ ფაქტობრივად ექნება პრივილეგიები სხვა მეუფეებთან მიმართებაში.
ჩვენთან საუბარში თეოლოგი აცხადებს, რომ ახალ ისტორიაში პირველად მოხდა ცოცხალი პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელება და ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.
“პატრიარქი მოსაყდრის დასახელებით თავის უფლებამოსილებებს გადაუნაწილებს სხვას, ეს არის ზოგადად მოსაყდრის ფუნქცია, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ამის პრეცედენტი არ გვქონია, უახლეს და ახალ ისტორიაში, როდესაც ცოცხალი პატრიარქი ნიშნავს თავის თანამოსაყდრეს, ეს როგორი შინაარსით შეივსება, ჩვენ არ ვიცით და მიზეზიც არ ვიცი. შეიძლება ეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ვეღარ ასრულებს პატრიარქი თავის ფუნქციებს და უნდა, რომ იყოს მეორე პიროვნება.უნდა დავაკვირდეთ, რას ნიშნავს რეალურად ეს გადაწყვეტილება”,- აცხადებს თეოლოგი.
ლევან აბაშიძის თქმით, შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ პატრიარქმა მემკვიდრე დაასახელა, მაგრამ ამას დანამდვილებით თქმა შეუძლებელია.
“შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პატრიარქმა ის მემკვიდრედ დაასახელა, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვით. შეგვიძლია ვივარაუდოთ,რ ომ ერთ-ერთი მოტივი იყო ის, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში უფრო მეტი სიცხადე იქნებოდა, აღარ დასჭირდებოდა სინოდს დროებითი მმართველის დანიშვნა, არამედ მოსაყდრე უკვე არჩეული იქნებოდა. მაგრამ 100%ით ვერ ვიტყვით იყო თუ არა ეს მისი დასახელების მიზეზი”,-აღნიშნა აბაშიძემ.
თეოლოგი პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელებას ეკლესიაში არსებულ პრობლემებს, მათ შორის ე.წ. ციანიდის საქმესაც უკავშირებს და ვარაუდობს, რომ პატრიარქს პრობლემებთან გამკლავება უჭირს.
“ის არის ნეიტრალური პიროვნება, უაღრესად პატიოსანი, თავმდაბალი, განათლებული. ამით გამოარჩია პატრიარქმა მეუფე შიო სხვა მთავარ ეპისკოპოსებისგან. სავარაუდოა, რომ პატრიარქს ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის გამო, უჭირს პრობლემებთან გამკლავება და შესაძლოა ეს იყო მოსაყდრის დასახელების მთავარი მიზეზი”,- განაცხადა აბაშიძემ.
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსი, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო მუჯირი პატრიარქმა დღეს თანამოსაყდრედ დაასახელა.
primetime.ge