პარტია “ბატკივშინას” ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ბრიუსელში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, უკრაინაში ძალიან მალე ხელისუფლების შეცვლებაზე და ქართული გუნდი ღირსებით შეუდგება მუშაობას უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ.
მან ასევე კომენტარი უკრაინიდან ქართველების დეპორტაციაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მდაბიო საქციელია.
“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის ხელისუფლების, უფრო სწორად პრეზიდენტის მხრიდან ეს ამორალური, სუფთა უკრაინულად რომ გითხრათ, მდაბიო საქციელია. ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ქართველი მაშინ გაიტაცეს, როდესაც საკუთარი შვილისთვის სახლიდან იყო გასული აფთიაქში, ბავშვიც და მეუღლეც უკრაინის მოქალაქეები არიან. როგორ შეიძლებოდა ოჯახის ამგვარად გახლეჩა.
თქვენ იცით, რომ მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილს, ჩავედი პოლონეთში, რათა დავხმარებოდი მას დაბრუნებაში, მაშინ როდესაც მისივე მეგობარმა პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გააგდო. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ უკრაინაში წესრიგის დამყარების საქმეში. გამოვიყენოთ მათი გამოცდილება და პიროვნული სიძლიერე. ვფიქრობ, მალე ასეც მოხდება. პრეზიდენტი უკრაინაში შეიცვლება და მთელი ქართული გუნდი ღირსებით შეუდგება მუშაობას უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ ახალ უკრაინულ ხელისუფლებასთან ერთად.
რაც შეეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, ჩვენ საკუთარი რესურსი ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ. ახლა დადგა დრო, რომ მთელი შესაძლებლობები ჩავრთოთ. ჩვენ როგორც უკრაინული ოპოზიცია, რომელსაც ხალხის უმრავლესოვის სიმპათია ეკუთვნის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის”,- განაცხადა ტიმოშენკომ.