ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ლიხაურში მდებარე 4.4 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს გადასცა.
საკრებულოს ცნობით, მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა.
“მოგეხსენებათ რამდენიმე წლის წინ საფუძველი ჩავუყარეთ, გურული ენდემური ვაზის ჯიშების გაშენებას, ამისთვის სპეციალური ნაკვეთი გამოიყო, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა. დღეის მდგომარეობით და საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტს აღარ გააჩნია იმ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების არსებობის უფლება, რომლებიც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას არ განეკუთვნებიან. აქედან გამომდინარე ჩვენ მოგვმართა წერილით საპატრიარქომ და ითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემა იგივე პროფილის შენარჩუნებით, რაც ჩვენ გაგვაჩნდა. ასე რომ ამ განკარგულების მიღებით, კიდევ უფრო განვითარდება ის დაწყებული საქმე, რასაც უნიკალური გურული ვაზის ჯიშების შენარჩუნება და აღდგენა ჰქვია” – თქვა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა.
განკარგულება საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.