ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში მესაფლავეებმა ახალი საფლავის გაჭრისას უცნობი კაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე ნაპოვნ ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება.

მესაფლავეებმა ახალი საფლავის გაჭრისას უცნობი კაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული, აღმოაჩინეს.

ცხედარი დაახლოებით ორი კვირის წინ აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი.

გარდაცვლილის ვინაობის დადგენაზე სამართალდამცველ სტრუქტურებთან ერთად წითელი ჯვრის წარმომადგენლობაც მუშაობს.

,,ექსპერტიზის პასუხს, რათა მისი და ჩვენ ხელთ არსებული რამოდენიმე უგზოუკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრის დეენემის ანალიზი ერთმანეთს შევედაროთ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, ძალიან სენსიტიური თემაა. შეიძლება გამოჩნდეს გაუჩინარებული ადამიანის ოჯახი“, – განაცხადა წითელი ჯვრის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა შორენა გამსახურდიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით, გარდაცვლილი 30 წლის წინ არის მოკლული, თუმცა პარკში გაახვიეს და ახლახან დაასაფლავეს.

ადგილი, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს რამდენიმე საფლავს შორისაა მოქცეული. „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომელი, ანზორ კალანდია, ვარაუდობს რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია შესასწავლია, რადგან შესაძლოა იქ სხვა უსახელო საფლავებიც აღმოჩნდეს.

წითელი ჯვარი უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების შესახებ პროგრამას 2010 წლიდან ახორციელებს. ორგანიზაციის მონაცემებით, გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტების დროსა და 2008 წლის ომის დროს დაკარგულად 2300-მდე ადამიანი მიიჩნევა.

იტვირთბა....