თბილისის მერია საკრებულოდან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გამოითხოვს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მთავრობის წევრებს პროექტზე მუშაობის დაწყება დაავალა.
კახა კალაძის თქმით, ბიუჯეტში 2018 წელს განსახორციელებელი პროექტები აისახება.
„რადგან საკრებულოს მხრიდან მთავრობა არ იყო დამტკიცებული, ვერ შევიტანდით ხედვებს, გეგმებს ქალაქთან დაკავშირებით თუ რა პროექტები უნდა შესულიყო. შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ვიცე მერს, რომ დაიწყოთ მუშაობა ბიუჯეტთან დაკავშირებით, გამოვითხოვოთ არსებული, წარდგენილი ბიუჯეტი და კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდეს მისი გადაგზავნა თბილისის საკრებულოში. ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული და გაწერილი ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 2018 წელს,” – განაცხადა კალაძემ.
თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, არსებითი ცვლილებები იქნება ბიუჯეტის საკითხთან დაკავშირებით.
“ჩვენ საშემოსავლო ნაწილში შენიშვნები არ გვაქვს, სწორად არის დაგეგმილი, თუმცა, ხარჯვით ნაწილში ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. ამასთან ერთად, გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან,“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.