დღეს, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო. პროექტი ერთ კვირას გასტანს და მასში 30 “სთრით არტისტი” მონაწილეობს.
მოხატვის პროცესს თბილისის მერი ადგილზე აკვირდებოდა. “აქ არსებული სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმე იყო, თუმცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. მინდა ახალგაზრდებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყეს. მიხარია, რომ ამ ყველაფერში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში, გალამაზებასა და კეთილმოწყობაში საზოგადოების ჩართულობა იყოს. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებმა სოლიდარობა გამოიჩინეს და ქალაქს ალამაზებენ. ჩვენ მათ ამ მიმართულებით ყველანაირად შევუწყობთ ხელს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება თბილისში არსებულ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებს: “ხვალ ვაპირებ, რომ იქ მივიდე და არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებთ, რადგან მიწისქვეშა გადასასვლელებით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. შესაბამიად, მათი მოწესრიგება და სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის დავალებით, მიწისქვეშა გადასასვლელში მოეწყო განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები.