საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა.
პრეზიდენტი ისეთ თემებს შეეხო როგორიცაა: ტოლერანტობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რუსულ-ქართული ურთიერთობები და საქართველოს ოკუპაცია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმ აღნიშნა, რომ ქართველები ყოველთვის ამაყობენ საკუთარი წარსულითა და ისტორიით, რომელსაც მრავალი ეროვნების, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ადამიანები გვერდიგვერდ, ერთ საზოგადოებაში გაერთიანებულნი ქმნიდნენ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში ტოლერანტობის ნათელი მაგალითია ქართველ-ებრაული თემის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და არ არსებობს მათი დაჩაგვრის ან უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი.
“მე ვესაუბრები მომავალ ლიდერებს, მომავალ თაობას, რომელსაც აქვს სურვილი და მზაობა განსაზღვროს საკუთარი ქვეყნების, ევროპის და მთლიანად ცივილიზაციის მომავალი.
ტოლერანტობისა და მიმტევებლობის ეს დღე უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე და ძლიერი საზოგადოების მშენებლობისთვის. მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი მუშაობს სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად. რასაც უნდა აკეთებდეთ, ან უნდა გააკეთოთ, უნდა გვახსოვდეს არა მარტო პოლიტიკური დღის წესრიგის თვალსაზრისით, არამედ სიღრმისეულად, რომ მთავარი ამოცანა და მიზანი, უნდა იყოს ვემსახუროთ სხვა ადამიანების თავისუფლებას.
თქვენ არ შეიძლება იყოთ თავისუფალი, თუ არ დაიცავთ სხვა ადამიანების თავისუფლებას, იმ ადამიანების თავისუფლებას, რომლებთან ერთად ცხოვრობთ, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.
თქვენ უნდა გამოთქვათ პროტესტი, როდესაც ვიღაცას ჩაგრავენ. თქვენი ამოცანა უნდა იყოს დაიცვათ ყოველდღიურ საქმიანობაში თანამოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები და ნებისმიერ შანსს, რომელსაც თქვენ გაუშვებთ, ამ თვალსაზრისით, ეს გახლავთ მომენტი, როდესაც თქვენ დაკარგავთ თქვენს ლიდერობას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას.
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხით, რა სარგებელი იქნება ევროკავშირისთვის საქართველოს წევრობა, რა შეიძლება ასწავლოს საქართველომ ევროპას, რა არის ევროკავშირისათვის საქართველოში არსებული სოციალურ-ეკნომიკური, პოლიტიკური გამოწვევა.” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.