ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში, გუშინ ღამის განმავლობაში სამი ყაჩაღობა მოხდა

ყაჩაღობების სერია თბილისში – გუშინ ღამის განმავლობაში სამი ყაჩაღობა მოხდა. დიდუბის რაიონში აფთიაქი, ბენზინგასამართი სადგური და ღვინის მაღაზია დააყაჩაღეს, -ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ჩუღურეთის რაიონის მაღაზიის მენეჯერის ინფორმაციით, ვიდეოში ასახულია, როგორ გატეხეს მაღაზიის კარის მინა და არასრულწლოვნები შევიდნენ მაღაზიაში. წაღებულია 300 ლარი.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე არასრულწლოვნებს ეხება, რის გამოც, გამოძიებას გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული.

კიდევ ორი ყაჩაღობა მოხდა გვიან ღამით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. კერძოდ, აღმაშენებლის ხეივანზე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა და 2 ათას ლარამდე თანხის წაღება მოახერხა.

დიდუბეში კი, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი GPC-ის აფთიაქში შევიდა. „კურიერის“ ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა თანხის წაღება შეძლო.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.
წყარო: “რუსთავი2”

იტვირთბა....