წუხელ გამრეკელის ქუჩაზე, ბერი ნიკოლოზის მიერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიმართ განხროციელებული ძალდობის ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. ბერი ნიკოლოზი გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ამ დრომდე ბარნოვის ქუჩაზე, მრევლის ერთ-ერთი წევრის საცხოვრებელ სახლში იმყოფება.
ბერის მრევლის წევრები ამბობენ, რომ გუშინდელი ინციდენტის ინიციატორი საპატრულო პოლიცია იყო და აგრესია სწორედ სამართალდამცავებისგან მოდიოდა. მრევლში ფიქრობენ, რომ ბერი ნიკოლოზი საპატრიარქოს მხრიდან იდევნება. მათი განცხადებით, პოლიციას არ ჰქონდა უფლება, რომ გზა გადაეკეტა. ხოლო აგრესიის ინიციატორი თავად საპატრულო პოლიცია იყო.
„საპატრიარქოდან მიზანმიმართულად დევნიან მამა ნიკოლოზს. პოლიციას არანაირი უფლება არ ჰქონდა, რომ იქ გზა გადაეკეტა, არანაირი კანონიერი უფლება არ ჰქონდა. ამავე დროს პოლიციამ თვითონ დაიწო აგრესია და ჩვენ ვართ მებრძოლი მართლმადიდებლობა. დამკვეთი იყო საპატრიარქო,“-აცხადებენ მრევლში.
შეგეხსენებთ, რომ ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი და მისი მრევლი, სამართალდამცავებს გუშინ ღამით დაუპირისპირდნენ, რომლებიც იმ სახლთან იყვნენ მობილიზებული, სადაც სასულიერო პირი ბოლო თვეებში ცხოვრობდა.
პატრულის თანამშრომლებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავად მდუმარებაში მყოფმა სასულიერო პირმაც. მანამდე კი მან საკუთარი მანქანით სამართალდამცველთა კორდონის გარღვევაც სცადა.