სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, პროკურორი ცდილობს გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც განსაკუთრებით, გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი და სწორედ პროკურატურა არის ის ორგანო, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი.
უჩა ნანუაშვილი აბობს, რომ პროკურატურის ბრალდებები უსაფუძვლოა.
“როდესაც პროკურატურას არ აქვს პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენ დავსვით, რა თქმა უნდა, ის გადადის ბრალდებებზე იმიტომ, რომ სხვა გზა არ დარჩენია. პროკურორი იმასაც ამბობდა, სახალხო დამცველი პირადად რატომ არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებსო. მე არ ვიცი მთავარი პროკურორი რატომ არ ესწრება სხდომებს. ცნობილია, რომ ჩემი წარმომადგენლები ესწრებოდნენ პროცესებს და რამდენჯერმე მეც დავესწარი”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გუშინ ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშს ”ციანიდის საქმის” პროკურორი ჯარჯი წიკლაური გამოეხმაურა და ანგარიშს არაკომპეტენტური და უსაფუძვლო უწოდა.