ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტი სამთავრობო ცვლილებათა პაკეტის განხილვისთვის ემზადება

პარლამენტი სამთავრობო ცვლილებათა პაკეტის განხილვისთვის ემზადება. საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც შესაბამისს კანონპროექტს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში გადააგზავნის, რაც სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მოხდება, რის შემდეგაც საკითხის საკომიტეტო განხილვები დაჩქარებული წესით დაიწყება.

სწორედ ამ დოკუმენტში იქნება დეტალურად გაწერილი, კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდება და რომელ კანონოს მოუწევს შეცვლა.

მინისტრების შეცვლასა და სტრუქტურულ რეფორმაზე ბევრი შეკითხვა აქვს ოპოზიციას. თუმცა, კანონმდებლები ჯერ მთავრობის მიერ კანონპროექტის ინიცირებას ელოდებიან. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ შესაბამისი ყველა ცვლილება წლის ბოლომდე განხორციელდება.

რეორგანიზაციის შედეგად, სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე მცირდება. ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება, ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შევა გარემოს დაცის სამინისტროდან ბუნებრივი რესურსების კომპონენტი. ამის გარეშე დარჩენილი უწყება კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეიერთებს.

მთავრობის სტრუქტურაში აღარ იქნება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საიდანაც სპორტის კომპონენტი განათლების სამინისტროს დაექვემდებარება, ხოლო ახალგაზრდულ საქმეებს კულტურის მინისტრი გადაიბარებს.

მცირდება სახელმწიფო მინისტრების რაოდენობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ახლა უკვე სტრუქტურულადაც იზრუნებს.

13 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა.

იტვირთბა....