რეჟისორ გიგა აგლაძის განცხადებით, ცნობილი კინორეჟისორის, სცენარისტის, მუსიკოსისა და პროდიუსერის დევიდ ლინჩის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი.
გიგა აგლაძემ დევიდ ლინჩის ვიზიტთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეჟისორის სტუმრობის დროს საუბარი კინოინსტიტუტის ჩამოყალიბებაზე იქნება.
„ეს არის დასაწყისი იმის, რის განხორციელებსაც ვაპირებთ. წინასწარ უკვე გაჟღერდა, რომ კინოინსტიტუტზე და მის ჩამოყალიბებაზე გვაქვს საუბარი. გარდა ამისა სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი“, – განაცხადა გიგა აგლაძემ.
ასევე, ორგანიზატორების თქმით, ცნობილი რეჟისორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ხელისუფლების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ფილმის ჩვენება და საჯარო ლექცია, რომელსაც დეივიდ ლინჩი წარუძღვება.
ცნობილი კინორეჟისორი, სცენარისტი, მუსიკოსი, პროდიუსერი, მრავალი კინოფესტივალის გამარჯვებული დევიდ ლინჩი საქართველოს 18-22 ნოემბერს ეწვევა. დევიდ ლინჩი არის ავტორი როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ქართველი ხალხისთვის, კარგად ნაცნობი შემდეგი ნამუშევრებით: „ტვინ პიქსი“, „მალჰოლანდ დრაივი“, „ლურჯი ხავერდი“ და სხვა.