ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ოპტიმიზაციის შედეგად, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება მთავრობას საშუალებას მისცემს განსახორციელებელი პროექტებისთვის მეტი თანხა გამოათავისუფლოს. მისი თქმით, აქცენტი არა ხარჯების შემცირებაზე, არამედ ეფექტურობის გაზრდაზეა გაკეთებული.
„ცვლილებების მთავარი მიზანი არის მთავრობის ეფექტიანობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირება. ხშირად არის საუბარი ამ სამინისტროების გაერთიანებულ ბიუჯეტებზე. მინდა იცოდეთ, რომ ამ ბიუჯეტების 90% და გაცილებით მეტი არის განსახორციელებელი პროექტები და ამ პროექტების თანხა არათუ უცვლელი რჩება, არამედ პირიქით გაიზრდება კიდევაც სწორედ ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე. ძირითადად ყველა სამინისტროს ბიუჯეტში მთავარი ნაწილი არის პროექტები, რომელიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასე რომ, თანხის დაზოგვაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, აქცენტი გაკეთებულია ეფექტიანობაზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. ორშაბათს, პრემიერ-მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, გარკვეული სამინისტროები ერთმანეთს უერთდება და მათ ახალი მინისტრები უხელმძღვანელებენ.