„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ მთავრობის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა დაადგინა, რომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი დაუდგენელმა პირმა გააჩინა და მის დასჯას, ასევე დაინტერესებული პირების გამოვლენასაც ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი აქციებით იმუქრებიან.
მოვაჭრეები ასევე აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ვალების გადაუხდელობის გამო რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა.
პროკურატურის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ჯერ არ შეხვედრიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა აქცია გამართეს, სადაც აქციის წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მიზეზი კარვების გაშლის მცდელობა იყო.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა და ზარალის ანაზღაურებაა.
აქციის მონაწილეების „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გამჩენი პირისა და ასევე დაინტერესებული პირების გამოვლენასაც ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი აქციებით იმუქრებიან.