სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნანუაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას სასამართლოს ინსტიტუციის მიმართ და არ განიხილავს გიორგი მამალაძის ბრალეულობისა და მტკიცებულებათა შეფასების საკითხს, რაც მხოლოდ მოსამართლის კომპეტენციას განეკუთვნება.
“დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმისადმი არსებული დიდი ინტერესისა და საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობის კონსტიტუციური მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ძირითადი მიგნებები.
ე.წ. ციანიდის საქმემ 2017 წელს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, თუმცა გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა. სახალხო დამცველის აპარატი ერთადერთი ნეიტრალური ორგანო იყო, რომელმაც სასამართლო პროცესის მონიტორინგი განახორციელა.
იმის მიუხედავად, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სასამართლო სხდომები არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე წარმართა, შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
სახალხო დამცველმა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მიერ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. გარდა ამისა, საჯარო პირთა წინასწარმა განცხადებებმა ხელი შეუწყო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ბევრად ადრე, შექმნილიყო საზოგადოებრივი განწყობა გიორგი მამალაძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.
დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში ჩააყენა ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებამ, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, არ ემსახურებოდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებს და ზედმეტი და არასაჭირო შეზღუდვა იყო ბრალდებულისათვის. მხარეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა უფრო თვალსაჩინო იყო იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებდა საქმეში არსებულ მთავარ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ვინაობას.
თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანი ნეიტრალური მტკიცებულება იქნებოდა. ხოლო, პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დაცვის მხარეს მოესპო შესაძლებლობა ჩაეტარებინა საქმისთვის ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ექსპერტიზა.
ამ და სხვა ხარვეზების გამო, გამამტყუნებელ განაჩენში არ არის განხილული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
სახალხო დამცველი გააგრძელებს ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესის მონიტორინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პარალელურად კი იმედოვნებს, რომ პროკურატურის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული სხვა გამოძიებები მიუკერძოებლად და ეფექტიანად წარიმართება”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.