თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ გამგებლებს თბილისის მერის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ საქმის საკეთებლად. თუმცა იქნება მომთხოვნი და არ დაუშვებს გულგრილ დამოკიდებუელაბს ქალაქისა და მოქალაქეების პრობლემების მიმართ.
”ეს ადამიანები გახდებიან ქალაქის მთავრობის მთავარი დასაყრდენი თბილისის რაიონებსა და უბნებში. გამგებლები და გამგეობები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს კონკრეტული რაიონების, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში. ეს სწორედ ის რგოლია, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვთ მოქალაქეებთან, მათ პრობლემებთან და შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამგებლები და გამგეობები ეფექტიანად მუშაობდნენ და წყვეტდნენ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ჩვენ თბილისელებს მივეცით კონკრეტული დაპირებები, წარვუდგინეთ 4 – წლიანი პროგრამა, რომელიც ჩვენ ერთად უნდა აღვასრულოთ. ჩემი მხრიდან მომავალ გამგებლებს გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველა წინაპირობა საქმის კეთებისთვის. თუმცა, ამავდროულად ვიქნები ძალიან მომთხოვნი და არ დავუშვებ ჩვენი მოქალაქეებისადმი და ქალაქის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას.
დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების მხარდაჭერით დიდ წარმატებას მივაღწევთ და ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ სიცოცხლით სავსე ქალაქის აღმშენებლობაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების კანდიდატები წარადგინა.
საბურთალოს რაიონის გამგებლების კანდიდატი გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის – დავით კირკიტაძე, კრწანისის – ლევან ჯაფარიძე, ვაკის – ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის – ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის – ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის – ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის – ირაკლი ხელაძე, ისნის – კახა ლაბუჩიძე, სამგორის – დავით კერესელიძე.
თბილისის მერის მიერ წარდგენილი კანდიდატურები საკრებულოს გადაეგზავნება.