თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მოქალაქის მიერ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა და აეროპორტში არანაირი საეჭვო ნივთი არ უპოვნიათ.
ამასთან დაკავშირებით, გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო – შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს.
„შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. მოხდა მგზავრების ევაკუაცია, დეტალურად შემოწმდა აეროპორტის ორივე ტერმინალი და მიმდებარე ტერიტორია. მყისიერად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მიღებული შეტყობინება სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად, ყველა რეისი აღდგენილია. მგზავრთა რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო“, – აცხადებენ შსს-ში.
ამ წუთებში აეროპორტში ხდება მგზავრთა შეშვება ტერმინალებში და დაგვიანებული რეისების აღდგენა.
გამოცხადებულ ევაკუაციასთან და აეროპორტის მუშაობის შეფერხებასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ აეროპორტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციასთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ „112“-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.