ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა: ამ ქვეყნებს დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს ევროინტეგრაციაში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსისთან და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მარგოტ ვალსტრომთან.

მინისტრები საქართველოში ერთობლივი ვიზიტით იმყოფებიან, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს.

როგორც გაანცხადეს, პრეზიდენტთან შეხვედრას და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს უდიდესი დატვირთვა აქვს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან შვედეთი და პოლონეთი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნები არიან და დიდი წვლილი მიუძღვით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის განვითარების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები და შეაფასეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

“საუბარი შეეხო კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც იდგმება ევროინტეგრაციის მიმართულებით და იმას, თუ როგორია მოლოდინები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში და ქართულ საზოგადოებაში ამ საკითხებთან დაკავშირებით.

აღინიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციული პროცესის დინამიკა გაგრძელდეს და ის კიდევ უფრო გაიზარდოს და ამაღლდეს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უსაფრთხოების საკითხებს, იმ როლს, რომელსაც საქართველო ასრულებს საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდედენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩები პოლონეთსა და შვედეთში.

იტვირთბა....